საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ქსელი, როგორც საინიციატივო ჯგუფი, შეიქმნა 2018 წელს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი ლიდერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და დამოუკიდებელი აქტივისტების მიერ, ხოლო როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ოფიციალურად დაფუძნდა 2019 წლის 23 სექტემბერს, შემდეგი შემადგენლობით:
1. "ქალი და რეალობა"- თამარ მაჭარაშვილი (თავმჯდომარე/წევრი)
2. "პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის" - ესმა გუმბერიძე (წევრი)
3. "მზიანი ბილიკი" - ინგა ნაბახტეველი (წევრი)
ქსელის საინიციატივო ჯგუფის შექმნის წინაპირობა გახდა საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია, როდესაც ქალი უფლებადამცველი ჯგუფების მიერ საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაგეგმილ შეხვედრაზე ვერ მოხერხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტი ქალებისა და გოგონების ჩართულობა, შეხვედრის ადგილის არა-ადაპტირებულობის გამო. აღნიშნული ბარიერის პასუხად, ქსელის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების მიერ დაიგეგმა დამოუკიდებელი შეხვედრა საპრეზიდენტო კანდიდატებთან, რათა პირადად ესაუბრათ საკუთარი უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და ასევე, გაცნობოდნენ კანდიდატების ხედვას ქალთა საკითხებზე შემუშავებულ პოლიტიკურ პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საკითხების ინტეგრირებასთან დაკავშირებით.
ქსელის მისიას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების განხორციელების ხელშეწყობა.
ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები;
2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების განხორციელების ხელშეწყობისაკენ მიმართული ღონისძიებები.