EN

ბლოგი

პერსონალური ასისტენტი - მეტი დამოუკიდებლობა, მეტი შესაძლებლობა! პერსონალური ასისტენტი - მეტი დამოუკიდებლობა, მეტი შესაძლებლობა!

„დამოუკიდებელი ცხოვრება არ ნიშნავს ყველაფრის საკუთარი ძალებით გაკეთებას; ის ნიშნავს, თავად აკონტროლო, როგორ კეთდება ესა თუ ის საქმე.“

ჯუდით ჰიუმანი – შშმ პირთა უფლებების საერთაშორისო ლიდერი

 

დამოუკიდებელი ცხოვრება თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ეს უფლება არ გულისხმობს, რომ ადამიანმა ყოველდღიური საქმიანობა საკუთარი ძალებით უნდა შეასრულოს. დამოუკიდებელი ცხოვრება ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს შესაძლებლობა თავად განსაზღვროს საკუთარი ცხოვრების წესი, მიიღოს გადაწყვეტილებები და საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლოს იმ მხარდაჭერით, რომელიც ამ არჩევანის განხორციელებაში დაეხმარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პერსონალური ასისტენტის სერვისი.

რას ნიშნავს პერსონალური ასისტენტის სერვისი?

პერსონალური ასისტენტი არის ადამიანი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეხმარება იმ ყოველდღიური აქტივობების შესრულებაში, რომელთა განხორციელებაც სხვადასხვა ბარიერის გამო დამოუკიდებლად უჭირს. მნიშვნელოვანია, რომ პერსონალური ასისტენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის ნაცვლად. ის მოქმედებს მხოლოდ იმ მიმართულებით და იმ ფორმით, რომელსაც თავად სერვისის მიმღები განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, პერსონალური ასისტენტის საქმიანობის საფუძველი არის ადამიანის არჩევანის, ღირსებისა და თვითგამორკვევის პატივისცემა.

რა სახის მხარდაჭერას შეიძლება მოიცავდეს სერვისი?

პერსონალური ასისტენტის მიერ გაწეული დახმარება ყოველთვის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე. სერვისი შეიძლება მოიცავდეს:

  • პირადი ჰიგიენისა და თვითმოვლის პროცესში დახმარებას;
  • ჩაცმის, გადაადგილების, პოზიციონირებისა და სხვა ყოველდღიური
  • აქტივობების მხარდაჭერას;
  • საკვების მომზადებაში, საყიდლებში, საცხოვრებელი გარემოს
  • მოწესრიგებასა და სხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობაში დახმარებას;
  • სამედიცინო, საგანმანათლებლო, დასაქმებისა და სხვა დაწესებულებებში თანხლებას;
  • ტრანსპორტით სარგებლობისა და უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობას;
  • საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციის მხარდაჭერას.

აგრეთვე, მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს ჩანაწერების გაკეთებას, ინფორმაციის წაკითხვას, უსინათლო ან მცირემხედველი ადამიანის მეგზურობას, კომუნიკაციის ხელშეწყობას, ან სხვა ისეთ მომსახურებას, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო.

პერსონალური ასისტენტი და პარტნიორული ურთიერთობა ეფექტიანი პერსონალური ასისტირების სერვისი ეფუძნება ურთიერთნდობას, პატივისცემასა და მკაფიო შეთანხმებებს.

ამ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია:

  • წინასწარ შეთანხმება, რა სახის დახმარებაა საჭირო;
  • ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა საკუთარ უფლებებსა და
  • პასუხისმგებლობებზე;
  • დაცული უნდა იყოს პირადი სივრცე, კონფიდენციალურობა და
  • პროფესიული ეთიკა;
  • საჭიროა პერსონალურმა ასისტენტმა მიიღოს შესაბამისი პრაქტიკული
  • მომზადება;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის და პერსონალური ასისტენტის თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს ღია კომუნიკაციასა და ურთიერთპატივისცემას. პერსონალური ასისტენტი, პირველ რიგში, პროფესიული როლის შემსრულებელია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ურთიერთობები მკაფიოდ იყოს განსაზღვრული და გადაწყვეტილების მიღების უფლება ყოველთვის დარჩეს სერვისის მიმღებს.

რატომ არის ეს სერვისი მნიშვნელოვანი?

პერსონალური ასისტენტის სერვისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას:

  • მიიღონ განათლება;
  • დასაქმდნენ;
  • მონაწილეობა მიიღონ კულტურულ, სპორტულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში;
  • შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და საკუთარი ცხოვრების კონტროლი.

ეს მომსახურებაარის ადამიანის უფლებების განხორციელების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

ჩვენი ხედვა

ჩვენ გვჯერა, რომ პერსონალური ასისტენტის სერვისი წარმოადგენს დამოუკიდებელი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმს. მისი დანიშნულება არ არის ადამიანის ჩანაცვლება, არამედ იმ პირობების შექმნაა, რომლებიც თითოეულ ადამიანს საშუალებას მისცემს იცხოვროს საკუთარი არჩევანის შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილებები და იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

სწორედ ამიტომ, ვმუშაობთ პერსონალური ასისტენტების პროფესიული მომზადების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ისეთი სისტემის განვითარებაზე, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, ღირსებასა და ინდივიდუალურ საჭიროებებს.

 

ავტორი: ანანო ლარცულიანი