EN

ბლოგი

ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ყველასთვის - რატომ არის ინკლუზიური ფსიქოლოგიური მომსახურება აუცილებელი შშმ პირებისა და მათი ოჯახებისთვის? ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ყველასთვის - რატომ არის ინკლუზიური ფსიქოლოგიური მომსახურება აუცილებელი შშმ პირებისა და მათი ოჯახებისთვის?

"ფსიქოლოგიური მხარდაჭერა არ არის ფუფუნება - ის ადამიანის უფლებაა."

ფსიქოლოგიური კეთილდღეობა ადამიანის ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, როდესაც საუბარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (შშმ პირებზე) ეხება, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ხშირად სათანადო ყურადღების მიღმა რჩება, მაშინ როდესაც ძირითადი აქცენტი ფიზიკურ რეაბილიტაციაზე, სამედიცინო მომსახურებასა და სოციალურ დახმარებაზე კეთდება.

სინამდვილეში, სწორედ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ეხმარება ადამიანს ცხოვრებისეული ცვლილებების, სტრესის, დისკრიმინაციისა და ყოველდღიური გამოწვევების გადალახვაში. თანაბრად მნიშვნელოვანია ასეთი მხარდაჭერა ოჯახის წევრებისთვისაც, რომლებიც ხშირად თავადაც დიდი ემოციური გადატვირთვის ქვეშ იმყოფებიან.

ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ადამიანის უფლებაა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (CRPD) აღიარებს, რომ შშმ პირებს უნდა ჰქონდეთ ჯანმრთელობის დაცვისა და რეაბილიტაციის მომსახურებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ეს უფლება მხოლოდ სამედიცინო მომსახურებას არ გულისხმობს. ის მოიცავს ისეთ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასაც, რომელიც ადამიანის ღირსებას, არჩევანსა და ინდივიდუალურ საჭიროებებს პატივს სცემს.

ფსიქოლოგიური მომსახურება მხოლოდ მაშინ არის ინკლუზიური, როდესაც იგი ხელმისაწვდომია ყველასთვის, მიუხედავად შესაძლებლობის შეზღუდვის ტიპისა, კომუნიკაციის ფორმისა თუ საცხოვრებელი ადგილისა. გამოწვევა ხშირად თავად შეზღუდული შესაძლებლობა არ არის საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს მცდარი წარმოდგენა, თითქოს შშმ პირის ფსიქოლოგიური სირთულეები მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით არის განპირობებული.

რეალურად, ყველაზე ძლიერი გავლენა ხშირად აქვს:

  • საზოგადოებაში არსებულ სტიგმას;
  • დისკრიმინაციას;
  • სოციალურ იზოლაციას;
  • ხელმისაწვდომი სერვისების ნაკლებობას;
  • ინფორმაციის დეფიციტს;
  • დამოუკიდებელი ცხოვრების შეზღუდულ შესაძლებლობას.

როდესაც ადამიანი ყოველდღიურად აწყდება ასეთ ბარიერებს, იზრდება შფოთვის, დეპრესიის, დაბალი თვითშეფასებისა და ემოციური გადაწვის რისკიც. ამიტომ თანამედროვე საერთაშორისო მიდგომა ყურადღებას ამახვილებს არა ადამიანის „შეცვლაზე", არამედ იმ ბარიერების შემცირებაზე, რომლებიც მის სრულფასოვან მონაწილეობას აფერხებს.

ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ოჯახსაც სჭირდება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გვერდით ხშირად დგას ოჯახი, რომელიც წლების განმავლობაში ყოველდღიურად ასრულებს მზრუნველის როლს. ამ პროცესს თან ახლავს:

  • მუდმივი პასუხისმგებლობა; 
  • ემოციური გადაღლა;
  • სტრესი;
  • საკუთარი საჭიროებების უკანა პლანზე გადატანა;
  • მომავლის გაურკვევლობის განცდა.

ამიტომ ინკლუზიური ფსიქოლოგიური მომსახურება მხოლოდ შშმ პირზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ოჯახის წევრებისთვისაც, რადგან ძლიერი ოჯახი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და დამოუკიდებლობას.

რას ნიშნავს ინკლუზიური ფსიქოლოგიური მომსახურება?

ინკლუზიური ფსიქოლოგიური მომსახურება ბევრად მეტია, ვიდრე ფსიქოლოგთან შეხვედრა. ის გულისხმობს, რომ მომსახურება:

  • არის ფიზიკურად, ინფორმაციულად და კომუნიკაციურად ხელმისაწვდომი;
  • ეფუძნება ადამიანის უფლებებსა და ღირსების პატივისცემას;
  • ითვალისწინებს ინდივიდუალურ საჭიროებებს;
  • უზრუნველყოფს ინფორმირებულ თანხმობას;
  • პატივს სცემს ადამიანის არჩევანსა და თვითგამორკვევის უფლებას;
  • იყენებს ტრავმაზე ინფორმირებულ და არადისკრიმინაციულ მიდგომებს;
  • ხორციელდება სპეციალურად მომზადებული პროფესიონალების მიერ.

სხვა სიტყვებით, ინკლუზიური ფსიქოლოგიური მომსახურება არ ცდილობს ადამიანის „მორგებას" არსებულ სისტემაზე, ის თავად ცვლის მომსახურებას ისე, რომ სისტემა მოერგოს ადამიანს. როდესაც ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ხდება ხელმისაწვდომი, ადაპტირებული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, იგი ხდება დამოუკიდებელი ცხოვრების, თანასწორობისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი მონაწილეობის მნიშვნელოვანი წინაპირობა.

 

ავტორი: თამარ მაჭარაშვილი